Image

ქართველები ბაქოში, ოცნებები ხდება...

image
2017 წლის 24 აგვისტო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი კენჭისყრა, თითქოს და არაფრით განსაკუთრებული სხვა წლების კენჭისყრისგან. "ჩელსი" C ჯგუფში მოხვდა, რომლის მეტოქეები საკმაოდ ძლიერი "რომა" და "ატლეტიკო" გახლავთ. ველოდებით მეოთხე გუნდსაც, ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ "სიკვდილის ჯგუფი" უნდა შეიქმნას, თუმცა ჩვენდა გასახარად ბოლო მეტოქედ საკმაოდ სუსტი, დებიუტანტი - ყარაბახი გვხვდა წილად.

ქართველები ბაქოში, ოცნებები ხდება...


ყარაბახი - ეს ხომ აზერბაიჯანის გუნდია, ჩვენი მეზობელი ქვეყანა. ყარაბახი-ჩელსი ბაქოში უნდა გაიმართოს, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 580 კილომეტრითაა დაშორებული. თარიღიც ცნობილია, მატჩი შემოდგომის მიწურულს 22 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ალბათ "ჩელსის" ყველა ქართველმა გულშემატკივარმა გაივლო თავში იდეა, რომ შეიძლება მათ ოცნებას ფრთები შეესხას და "ლურჯების" თამაშს ცოცხლად მიადევნოს თვალი, თანაც ჩემპიონთა ლიგაზე.

რაც უფრო ახლოვდებოდა დათქმული თარიღი, მით მეტი იყო მონდომება და მისწრაფება ბაქოს ოლიმპიური სტადიონისადმი. შეხვედრამდე დაახლოებით 1 თვით ადრე ქართველმა გულშემატკივრებმა დაიწყეს მზადება საოცნებო მოგზაურობისათვის. შეიქმნა ცალკე ჯგუფი ფეისბუქზე, რათა ყველა სიახლე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გაზიარებულიყო ყველასადმი. მოძიებული იქნა ტურისტული კომპანიაც, რომლის ხელშეწყობითაც უნდა განხორციელებულიყო ტური.

თამაშამდე 2 კვირით ადრე, ყველაფერი დაიგეგმა, ცნობილია სხვადასხვა დეტალები, წამსვლელთა ვინაობა. შეიქმნა, სპეციალურად ჩვენთვის, 3 დღიანი ტური ბაქოში. მხოლოდ 1 საკითხი რჩებოდა მოსაგვარებელი - ბანერები. სამწუხაროდ, ეს საკითხი ძალიან გაჭიანურდა, საჭირო გახდა ფულადი სახსრების მოძიება, ბანერების დიზაინის დამზადება და შემდგომ მისი გაბარება სარეკლამოში.

გამგზავრებამდე 2 დღეა დარჩენილი და ბანერები შეკვეთილიც კი არ არის დასამზადებლად. ბევრს აღარც კი სჯეროდა, თუკი საქართველოს სახელით, ბაქოში, ბანერები გაიშლებოდა, თუმცა მაქსიმალური მონდომებისა და მიზანდასახულობის ხარჯზე შევძელით და გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე 2 საკმაოდ დიდი ბანერი დავამზადეთ.

ქართველები ბაქოში, ოცნებები ხდება...

ქართველები ბაქოში, ოცნებები ხდება...


და აი დადგა ნანატრი დროც, 20 ნოემბერი, ღამის 23:00 საათი. ქართველი "არისტოკრატები" უკვე იწყებენ შეკრებას თბილისში, ველოსიპედის ძეგლთან. სულ რაღაც 3 საათიც და ავტობუსები დაიძრებიან ბაქოს მიმართულებით. ფანების შეხვედრა, ემოციების გაზიარება, ბევრი ნაცნობი და უცნობი სახეები... სამმა საათმა ძალიან სწრაფად გაირბინა და ავტობუსებიც დაიძრა და დაიწყო საოცნებო მოგზაურობაც...

10 საათიანმა თითქოსდა დამღლელმა გზამაც მხიარულად და სწრაფად გაიარა ავტობუსში: გართობა, თამაში, ინტერვიუების ჩაწერა, სიმღერა. და რაც ყველაზე მთავარია, ყველა ერთი თემის ირგვლივ ვტრიალებთ - ეს "ჩელსია". ჩვენ ლურჯი სისხლი გვაერთიანებს. ეს ყველაფერი მართლაც რომ სამოთხეს ჰგავდა... ამის შემდეგ იყო დაბინავება სასტუმროში და გასვლა ბაქოს ცენტრში, ქალაქის ბულვარისა და ფუნიკულიორის დასათვალიერებლად.

ჩვენდა ბედად, გაირკვა, რომ "ჩელსის" ფეხბურთელები ქალაქის ცენტრშივე, სასტუმრო ჰილტონში დაბინავდნენ, რომელიც ბულვარიდან რამდენიმე მეტრშივეა. გადავწყვიტეთ ვარჯიშზე წასული "არისტოკრატებისათვის", რომლებიც უკან რამდენიმე წუთში უნდა დაბრუნებულიყვნენ, ჩვენებური დახვედრა მოგვეწყო. სასტუმროს წინ, "ჩელსის" სხვა ქვეყნის გულშემატკივრებთან ერთად გავშალეთ ბანერები და დაველოდეთ ფეხბურთელებს. ამ დროის განმავლობაში გადავიღეთ საერთაშორისო დონის ფოტოც, "ჩელსის" ირანელ, ერაყელ, უკრაინელ და რუს გულშემატკივრებთან ერთად.

ქართველები ბაქოში, ოცნებები ხდება...

ქართველები ბაქოში, ოცნებები ხდება...


სულ მალე სასტუმრო "ჰილტონის" ცენტრალურ შესასვლელთან, სადაც გულშემატკივრები ვიყავით შეკრებილნი, "ლურჯების" ავტობუსი ჩამოდგა და ყველა "არისტოკრატმა" ჩვენს თვალწინ გაიარა. იყო შეძახილები, ოვაციები, სიმღერები, სიხარულის ცრემელებიც კი... ამის შემდეგ იყო კონტეს პრესკონფერენცია, კურტუასთან ერთად. "ჩელსის" ქართველი ფანები აქაც სადარაჯოზე ვიდექით, რათა ჩვენს კუმირებთან ფოტო გადაგვეღო. მიუხედავად დაცვის დიდი წინააღმდეგობისა, როგორც კი კონფერენცია დასრულდა, რამდენიმე ჩვენგანმა შეძლო და ანტონიო კონტესთან სელფიც კი გადაიღო. ამაში დიდი წვლილი თავად იტალიელმა სპეციალისტმაც შეიტანა. რომ არა მისი სურვილიც, ალბათ, დაცვა აღნიშნულის საშუალებას არ მოგვცემდა. კურტუამ კი პირიქით, თავად არ ისურვა სურათის გადაღება გულშემატკივრებთან.

ქართველები ბაქოში, ოცნებები ხდება...
ქართველები ბაქოში, ოცნებები ხდება...


მოგზაურობის პირველი დღე თითქმის ასე მიიწურა, თუ არ ჩავთვლით 150 კაციან რიგში დგომას, ვაუჩერის - მატჩზე დასასწრები ბილეთის გადასაცვლელად. ასევე მოვინახულეთ ქალაქის ბულვარი, ფუნიკულიორი და ვიხილეთ ღამის ბაქოს ულამაზესი ხედები.

მეორე დღე - ყველა მატჩის მოლოდინშია, რამდენიმე საათიღა გვაშორებს ოცნების ახდენას. თუმცა მანამდე გულშემატკივრებმა გადავწყვიტეთ იქვე, ახლოს მდებარე ბაზრობაზე შევსულიყავით და "ჩელსის" სხვადასხვა ატრიბუტები შეგვეძინა(მაისური, კაშნი, შარვალი, ქუდი...), თუმცა ეს ყველაფერი არც თუ ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა. ერთ ბაზარში, რომ ვერაფერი შევიძინეთ, გადავწყვიტეთ მეორეში წავსულიყავით და ადგილობრივი ძველი, "საბჭოური" ავტობუსით გავეშურეთ იმ იმედით, რომ იქ მაინც დავიკმაყოფილებდით საშოპინგო სურვილებს. მეტ-ნაკლებად ასეც მოხდა, თითქმის ყველამ შევიძინეთ ჩვენთვის სასურველი ნივთები და აქსესუარები. აქვე მოვაწყვეთ მსვლელობის მსგავსიც. იყო როგორც "არისტოკრატული", ასევე ქართული ტრადიციული სიმღერები (საქართველოს ჰიმნი, სიმღერა ზესტაფონზე, ტორპედოს ჰიმნი...) და შეძახილები. დავაგემოვნეთ იქაური "შაურმაც". რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთ-ერთი ჩვენგანი პირველად ეზიარა შაურმის გემოს და მისი დიდი მოწონებაც დაიმსახურა (განსხვავებით დანარჩენებისაგან). თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქართულ "გლდანის" შაურმასთან ახლოსაც ვერ მივა.

სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება მატჩის დაწყებამდე. დაახლოებით 4 საათით ადრე უკვე სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ვართ. აქაც ერთობლივი მსვლელობით, სიმღერითა და შეძახილებით შევედით ბაქოს ოლიმპიური სტადიონის ეზოში. ჯერჯერობით აზერბაიჯანელი გულშემატკივრები არ ჩანან, ბურთი და მოედანი ჩვენს ხელთაა. რა თქმა უნდა, გადავიღეთ უამრავი ფოტო, ერთობლივად, ცალ-ცალკე ფეისბუქისთვის "საპროფილედ", ბანერებთან... ამ დროს კი გაისმა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი. როგორც ჩანს, სტადიონზე "რეპეტიციობენ". ყველა ჩვენგანს ჟრუანტელმა დაგვიარა ამ ხმის გაგონებაზე. მაშინვე დავიძარით სტადიონის შესასვლელისკენ, თუმცა ადგილობრივმა მცველებმა რიგის დაკავება მოგვთხოვეს, შესვლა თამაშის დაწყებამდე 2 საათით ადრე უნდა დაწყებულიყო. ამასობაში მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივი გულშემატკივრებით აივსო და მათ გარემოცვაში მოვექეცით. მიუხედავად ამისა, მედგრად ვიდექით და ჩვენსას არ ვიშლიდით...

ქართველები ბაქოში, ოცნებები ხდება...

ქართველები ბაქოში, ოცნებები ხდება...


მატჩის დაწყებამდე 2,5 საათით ადრე შესასვლელი კარებიც გაიღო და აღფრთოვანებულები ერთიანად დავიძარით მოედნისაკენ. გავიარეთ კონტროლიც და რამდენიმე წუთში, როგორც იქნა, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე აღმოვჩნდით. იდეალური გარემო, სიცოცხლით სავსე, გაბრწყინებული თვალები, ბედნიერი გულშემატკივრები. უკვე დავიკავეთ კუთვნილი ადგილები და ველოდებით მსაჯის სასტვენს. თუმცა ჯერ კიდევ ხომ 2 საათამდე იყო დარჩენილი. ფეხბურთელები ემზადებიან, ვარჯიშობენ, ერთმანეთში ბურთს აგორებენ. ეს დრო კი ისე გავიდა, ვერც გავიგეთ.

და აი, ისმის ჩემპიონთა ლიგის ჰიმნიც, მატჩი იწყება! მართალია, ყველას არაერთხელ მოგვისმენია ეს მუსიკა, თუმცა სტადიონიდან, მაშინ როცა შენი საყვარელი კლუბი თამაშობს, სულ სხვა შეგრძნებაა, სხვა ატმოსფეროა. 70 000 აზერბაიჯანელ გულშემატკივრებს შორის მოქცეული 150-მდე ქართველი , ბოლომდე "ვბალეშიკობთ" ჩვენს კლუბს, არ გვეშინია, არ გვცივა. პირიქით, სისხლი გვიდუღს და ბრძოლისათვის მზად ვართ. მიუხედავად ადგილობრივების დიდი წინააღმდეგობისა, ჰიმნის დროს ჩვენი ქართული, დიდი ბანერი მაინც გავშალეთ და ყველას დავანახეთ ქართული სულისკვეთება, ხასიათი.

ქართველები ბაქოში, ოცნებები ხდება...

ქართველები ბაქოში, ოცნებები ხდება...


ისეთ თამაშს რა ვუთხარი მცირედი შეხლა-შემოხლა თუ არ იქნა მოწინააღმდეგე გულშემატკივრებს შორის. რა თქმა უნდა, აქაც არ ჩამოვრჩით და ჩვენმა ერთ-ერთმა ქუთაისელმა მეგობარმა თავისი, ჩვენი, ქართული ხასიათი გამოავლინა და ერთ-ერთ ადგილობრივ ქომაგს კამათი დაუწყო. მიუხედავად ჩვენი მეგობრის დაჟინებული მოთხოვნისა, რომ საქმე გარეთ, მოედნის მიღმა გაერჩიათ, ეს საქმე არ შედგა (ეს საუბარი, რა თქმა უნდა, ქართულად შედგა). აზერბაიჯანელი გულშემატკივარი ცოტა არ იყოს გაკვირვებული და შეშინებული იყურებოდა. ბოლოს უკან დახევაც გადაწყვიტა და ჩვენი მეგობრის მკაცრი მოთხოვნა შეასრულა.

შეხლა-შემოხლა ამით არ დასრულებულა. მატჩის მიმდინარეობამ, ორმა საათმა ძალიან სწრაფად გაიარა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბედნიერები ვიყავით. ჯერ იმის გამო, რომ ოცნება ავიხდინეთ და "ჩელსის" თამაშს სტადიონიდანვე ვუყურეთ, მერე მეორე კი ანგარიშიც საკმაოდ მისაღები დაფიქსირდა 0-4 "არისტოკრატების" სასარგებლოდ. ახლა დღის წესრიგში სტადიონიდან უსაფრთხო გამოსვლა დადგა. მართალია, მოედანზე დაცვის ბევრი თანამშრომელი იყო ჩვენს ირგვლივ, თუმცა მოედნის გარეთ, ეზოში მათი ნაკლებობა იგრძნობოდა, სანაცვლოდ მრავლად იყო ადგილობრივი, გაბრაზებული გულშემატკივარი. ქართველმა ქომაგებმა გადავწყვიტეთ ერთად, ერთ მუშტად შეკრულნმა დაგვეტოვებინა მოედანი. ასეც მოვიქეცით. სიმღერითა და შეძახილებით გავეშურეთ გასასვლელისაკენ (ალბათ ამით კიდევ უფრო გამოვიწვიეთ აზერბაიჯანელები). ამ დროს კი იყო რამდენიმე მცდელობა ბანერის წართმევისა, თუმცა შევძელით და ბოლომდე დავიცავით ისინი, მეტოქეს არ დავუთმეთ. საბოლოო ჯამში, იმის გამო, რომ ქართველები ერთად ვიდექით, აზერებმა ვერაფერი დაგვაკლეს და მშვიდობიანად დავტოვეთ ბაქოს ოლიმპიური სტადიონი. იმ ღამით თითქმის არც გვძინებია, ერთად აღვნიშნეთ გამარჯვება, ემოციებს ერთმანეთს ვუზიარებდით. ჩვენი ბაქოს ზღაპარი დასასრულს უახლოვდებოდა...

მეორე დილით კვლავ ბაქოს ცენტრისკენ გავეშურეთ, მოვინახულეთ ალიევის მუზეუმი (თუმცა მხოლოდ გარედან, ალიევის გამო შენობაში არ შეგვიშვეს). იქვე სუპერმარკეტში შევიძინეთ კარაბაოს ენერგეტიკული სასმელები (მოგეხსენებათ, კარაბაო "ჩელსის" სპონსორია. ვხუმრობდით კიდეც, გადახდილი თანხიდან თითო ლარი გადაირიცხება სატრანსფერო ფონდში დრაქსლერის შესაძენადთქო).
ქართველები ბაქოში, ოცნებები ხდება...

რამდენიმე ჩვენგანმა დავათვალიერეთ ძველი ბაქო, შევიძინეთ სუვენირები და შუადღით გამოვემართეთ თბილისისაკენ. მთელი გზა კვლავ მხიარულება და გართობა იყო ავტობუსში. მეტიც, საქართველოს საზღვარი ბურთის თამაშით გადმოვკვეთეთ...

ამ სტატიაში შევეცადე გადმომეცა ის გრძნობები და განცდები, რომელიც ყველა ჩვენგანმა განვიცადეთ ბაქოში ყოფნისას. მათ კი, ვისაც ჯერ არ ჰქონია ბედნიერება, ცოცხლად ენახათ საყვარელი კლუბის თამაში მოედანზე, ვუსურვებ, რომ ეს ოცნება მალე ახდენოდეთ.
ასევე, მინდა, ყველა "არისტოკრატს" გისურვოთ "ლურჯების" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობა და ამჟერად უკვე კიევის დალაშქვრა.


სტატიაზე მუშაობდა: გიორგი მარუქაშვილი.

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები:

victor moses 1 დეკემბერი 2017 21:06
ეჰ ნეტა მეც თქვენთან ვიყო ბიჭებო
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
მატჩის "არისტოკრატი"
აზარი
მეტოქე - ნიუკასლი
გამოკითხვა

გსურთ თუ არა, რომ ანტონიო კონტემ გაახანგრძლივოს კონტრაქტი "ჩელსისთან"?

დანაკლისი
არავინ...
არავინ...
მუსონდა - 15.12.2017-მდე
Image